ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის 4.2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია
11 მაისი 2026
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა და დაგეგმილი პროექტების დეტალები განიხილავს.
კურორტის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის 4.2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, რკინა-ბეტონის მილების, რკინა-ბეტონის კედლების, კიუვეტების, მიერთებების, ადგილობრივი და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ასევე საგზაო ნიშნების მოწყობა. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო შემოფარგვლა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5.7 მილიონი ლარია.